შემიძლია შენგენის ზონაში რამდენჯერმე შევიდე ამ პერიოდში?
დიახ, შეგიძლიათ. თუმცა, კარგად უნდა გამოთვალოთ შენგენის ზონაში გატარებული დღეების რაოდენობა, რადგან იქ გატარებული დღეების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 90 დღეს, ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში (იხილეთ ზემოთ).
შენგენის ზონაში დარჩენის ხანგრძლივობა შეგიძლიათ გამოთვალოთ ქვემოთ მითითებულ ვებ-გვერდზე არსებული კალკულატორით ინგლისურ და რუსულ ენებზე:
რა სახის სამგზავრო საბუთებია საჭირო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით სარგებლობისთვის?
ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემული ბიომეტრიული პასპორტი, რომელსაც დარჩენილი აქვს სულ მცირე სამი თვის მოქმედების ვადა შენგენის ზონიდან დაგეგმილი გამგზავრების თარიღიდან.
მაძლევს თუ არა უვიზო მიმოსვლა შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლის უფლებას?
უვიზო მიმოსვლა არ იძლევა შენგენის ტერიტორიაზე შესვლისა და დარჩენის უპირობო უფლებას. წევრი ქვეყნები უფლებამოსილნი არიან, უარი გითხრან საკუთარ ტერიტორიაზე შესვლასა და დარჩენაზე, თუ ერთ ან მეტ პირობას არ აკმაყოფილებთ.
ვიზიტისთვის, რომლის ვადა არ სცილდება 90 დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის შენგენის ტერიტორიაზე შესვლის პირობები შემდეგია:
(ა) მოქმედი სამგზავრო დოკუმენტის (იხილეთ კითხვა 4) ან საზღვრის გადაკვეთის უფლების მიმნიჭებელი საბუთების ქონა;
(ბ) დაგეგმილი ვიზიტის მიზნისა და პირობების დასაბუთება, საკმარისი საარსებო საშუალების ქონა, როგორც დაგეგმილი ვიზიტის პერიოდისთვის, ასევე უკან დასაბრუნებლად;
(გ) თქვენზე არ უნდა არსებობდეს შეტყობინება “შენგენის საინფორმაციო სისტემაში” (SIS) შესვლაზე უარის თქმის შესახებ;
(დ) არ უნდა მიიჩნეოდეთ საფრთხედ საზოგადოებრივი წესრიგის, შიდა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ან საერთაშორისო ურთიერთობებისთვის ნებისმიერ წევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით იქ, სადაც წევრი ქვეყნების ეროვნულ მონაცემთა ბაზებში არ არსებობს შეტყობინება ამავე საფუძვლით თქვენთვის შესვლაზე უარის თქმის შესახებ.
რა საბუთები უნდა წარვუდგინო საემიგრაციო ოფიცერს საზღვრის გადაკვეთისას?
საზღვრის გადაკვეთისას უნდა წარადგინოთ ბიომეტრიული პასპორტი. ამასთანავე, შესაძლოა მოგთხოვონ იმ დოკუმენტების წარდგენა, რომელიც ასაბუთებს მოგზაურობის მიზანსა და პირობებს (მაგალითად, ბილეთები შენგენის ტერიტორიაზე გადაადგილებისა და უკან დაბრუნებისთვის; საცხოვრებლის ჯავშნები; მოწვევის წერილი სტუმრობის, კონფერენციის ან ღონისძიების შემთხვევაში; სასწავლებელში მიღების ცნობა სასწავლო ვიზიტის შემთხვევაში და ა.შ.) ისევე როგორც საკმარისი საარსებო საშუალების დადასტურება (იხილეთ ქვემოთ).
დამატებითი დოკუმენტების არასრული ჩამონათვალი მოცემულია შენგენის სასაზღვრო კოდექსის 562/2006 რეგულაციის დანართ 1-ში:
რა თანხა უნდა მქონდეს თან შენგენის ზონაში მგზავრობისთვის?
„შენგენის სასაზღვრო კოდექსის“ მე-5 (3) მუხლის თანახმად: „საარსებო საშუალება უნდა შეფასდეს ვიზიტის ხანგრძლივობისა და მიზნის მიხედვით და შესაბამის წევრ ქვეყანაში ეკონომიურ საცხოვრებელში არსებული ბინისა და კვების საშუალო ფასების გათვალისწინებით, გამრავლებული ვიზიტის დღეების საერთო ოდენობაზე. (…) საკმარისი საარსებო საშუალების ქონა შესაძლებელია დადასტურდეს ნაღდი ფულით, სამგზავრო ჩეკით ან საკრედიტო ბარათით, რაც მესამე ქვეყნის მოქალაქის საკუთრებას წარმოადგენს. თუ მესამე ქვეყნის მოქალაქე მასპინძელთან ჩერდება, საკმარისი საარსებო საშუალების დასტურად შესაძლოა ასევე ჩაითვალოს განცხადება დაფინანსების თაობაზე, თუკი ქვეყნის კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს და მასპინძლის გარანტიის/მოწვევის წერილი, როგორც ეს ქვეყნის კანონმდებლობითაა განსაზღვრული.“
ზოგიერთმა შენგენის ქვეყანამ განსაზღვრა საორიენტაციო თანხები.
საკრედიტო ბარათის ნამდვილობა შესაძლებელია გადამოწმდეს გამცემ კომპანიასთან დაკავშირების გზით ან საზღვრის გადაკვეთის პუნქტზე არსებული სხვა დაწესებულების მეშვეობით.
მასპინძლის მოწვევა შესაძლებელია გადამოწმდეს მასპინძელთან პირდაპირ დაკავშირებით ან მასპინძლის კეთილსინდისიერების გადამოწმებით ეროვნული საკონტაქტო პუნქტების მეშვეობით იმ წევრ სახელმწიფოში, რომელშიც მასპინძელი ცხოვრობს.
საჭიროა თუ არა შენგენის ზონაში მგზავრობისთვის ყოველთვის სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა?
სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა არ არის სავალდებულო უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მაგრამ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაჟინებით რეკომენდებულია, გააფორმოთ დაზღვევა შენგენის ქვეყნებში მოგზაურობისათვის.
რა მიზნებით შემიძლია შენგენის ზონაში მოგზაურობა ვიზის გარეშე?
შეგიძლიათ იმოგზაუროთ ტურისტის რანგში, მეგობრების ან ოჯახის მოსანახულებლად, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დასასწრებად, საქმიანი შეხვედრებისთვის, ჟურნალისტურის ან მედიასთან დაკავშირებული მიზნებისთვის, სამედიცინო მკურნალობისთვის, მოკლევადიანი სწავლის ან ტრენინგისთვის და ნებისმიერი მსგავსი აქტივობისთვის.
თუმცა, უვიზო მიმოსვლა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც მოგზაურობენ წევრ ქვეყანაში ანაზღაურებადი საქმიანობის განსახორციელებლად, ე.ი. ევროკავშირში მიემგზავრებიან სამუშაოდ (იხილეთ მომდევნო კითხვა).
მჭირდება თუ არა ვიზა შენგენის ზონაში სამუშაოდ 90 დღეზე ნაკლები პერიოდისთვის?
დიახ, წევრი ქვეყნების უმეტესობა ითხოვს ვიზას და სამუშაო ნებართვას, იმ შემთხვევაშიც, თუ სამუშაო პერიოდი 90 დღეს არ აღემატება. გთხოვთ, დაუკავშირდეთ იმ წევრი ქვეყნის საელჩოს/საკონსულოს , რომელშიც სამუშაოდ გამგზავრებას აპირებთ და იკითხოთ გესაჭიროებათ თუ არა სპეციალური ტიპის ვიზა და სამუშაო ნებართვა.
შემიძლია თუ არა შენგენის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლა?
შენგენის ზონაში ქვეყნებს შორის სასაზღვრო კონტროლი არ არსებობს (ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია).
მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებელია წევრმა ქვეყნებმა მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარ საზღვრებზე კონტროლის აღდგენის შესახებ გარკვეული დროით (მაგალითად, საფრანგეთმა დროებით აღადგინა სასაზღვრო კონტროლი ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ).
ასეთ შემთხვევაში, შეიძლება მოგიწიოთ სასაზღვრო კონტროლის გავლა ამგვარი საზღვრის გადაკვეთისას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პირს (მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეებს); თუ კვლავ დააკმაყოფილებთ შესვლის პირობებს, მაშინ შენგენის ზონაში თავისუფლად მოგზაურობის უფლებაზე ამას გავლენა არ ექნება.
სასაზღვრო კონტროლი დაწესებულია შენგენის ქვეყნებსა და ბულგარეთს, ხორვატიას, კვიპროსსა და რუმინეთს შორის (ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ჯერ სრულად არ იყენებენ ევროკავშირის შენგენის სამართალს). კონტროლი ასევე ხორციელდება შენგენის ქვეყნებსა და გაერთიანებული სამეფოს და ირლანდიის საზღვრებზე (რადგან ისინი არ შედიან შენგენის ზონაში).
პირები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის მოქალაქეები, ვალდებულნი არიან, დააკმაყოფილონ ტერიტორიაზე შესვლის ყველა პირობა (იხილეთ მე-5 კითხვა) და შესაძლოა, დასჭირდეთ ამის დადასტურება შენგენის ზონაში სასაზღვრო კონტროლის დროებით აღდგენის შემთხვევაში.
თუ 90 დღეზე მეტ ხანს დავრჩები (საცხოვრებელი ნებართვის ან გრძელვადიანი ვიზის გარეშე) ან შენგენის ზონაში ვიმუშავებ (სამუშაო ნებართვის გარეშე), რა შეიძლება მოყვეს ამას?
პირს, რომელიც არ არის ევროკავშირის მოქალაქე და შენგენის ზონაში დაჰყოფს 90 დღეზე მეტ ხანს (საცხოვრებელი ნებართვის ან გრძელვადიანი ვიზის გარეშე), ეს დრო ჩაეთვლება არალეგალურ ყოფნად, რასაც შეიძლება მოყვეს შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვა. პირები, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან შენგენის ზონაში, ვალდებულები არიან, დატოვონ შენგენის ზონა. თუ ისინი ამას ნებაყოფლობით არ აკეთებენ, შესაძლებელია, მათი სამშობლოში დაბრუნება მათი ნების გარეშე მოხდეს.
თავშესაფრის მოთხოვნა, როგორც წესი, არ აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში დიდი ხნით დარჩენის უფლებას, რადგან მათ მოთხოვნაზე ორი თვის განმავლობაში მოსდით უარი. თავშესაფარზე უარის მიღების შემდეგ პირმა უნდა დატოვოს ქვეყანა და, თუ ამას ნებაყოფლობით არ აკეთებს, ხდება მისი დეპორტაცია.
რა შეიძლება მოხდეს, თუ გერმანიაში (ნებართვის გარეშე) ვმუშაობ?
შენგენის ზონაში სამუშაო ნებართვის გარეშე მუშაობა არალეგალურია (მაშინაც კი, როდესაც იქ 90 დღეზე ნაკლები დროით ჩერდებით) და შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნის დატოვების ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია შენგენის ზონაში განმეორებითი შესვლის აკრძლვასთან. სხვადასხვა წევრი ქვეყნის მხრიდან შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ფულადი სახის ჯარიმები.
წყარო: გერმანიის საელჩოს ვებსაიტი