სპეციალისტად მუშაობა გერმანიაში

2020 წლის 1 მარტს ძალაში შედის სპეციალისტთა იმიგრაციის ახალი რეგულაციები. ახალი კანონი კვალიფიციურ პერსონალს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან აძლევს გერმანიაში სამუშაოდ ჩამოსვლის დამატებით შესაძლებლობას.

ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანის წინაპირობას კვლავაც წარმოადგენს ოფიციალური უწყებების მიერ პროფესიული კვალიფკაციის აღიარება. ინფორმაციას ამ პროცედურის შესახებ სხვადასხვა ენაზე იხილავთ ვებ-გვერდზე http://www.anerkennung-in-deutschland.de/. დაინტერესებულმა სპეციალისტებმა დროულიად უნდა დაიწყონ კვალიფიკაციის აღიარების პროცედურა. ეს შესაძლებელია კანონის ძალაში შესვლამდეც.


მსურს გერმანიაში მუშაობა. მჭირდება თუ არა ვიზა?
არსებობს დასაქმება სპეციალისტად და სხვა სახის დასაქმება. მუშაობის დაწყებამდე თქვენ გესაჭიროებათ ბინადრობის უფლება, რომელიც მოგცემთ საქმიანობის განხორციელების ნებართვას*. გერმანიაში გამგზავრებამდე უნდა მოითხოვოთ ვიზა თქვენს ქვეყანაში არსებულ გერმანიის წარმომადგენლობაში (საელჩოში ან გენერალურ საკონსულოში)**. უმეტეს შემთხვევებში ვიზა გაიცემა მხოლოდ მაშინ, თუ ამის თანხმობას გასცემს გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტო. თუ ადრეც ყოფილხართ გერმანიაში, მაშინ საჭიროა ასევე თქვენს მომავალ საცხოვრებელ ადგილზე არსებული უცხოელთა მომსახურების უწყების (Ausländerbehörde) თანხმობა. როგორც წესი, ამ თანხმობას ითხოვს საელჩო. თუ ყველა წინაპირობა დაკმაყოფილებულია, თქვენ მიიღებთ ჩვეულებრივ ექვსთვიან ვიზას. ამ პერიოდის განმავლობაში გერმანიის უცხოელთა მომსახურების უწყებაში უნდა მოითხოვოთ ბინადრობის უფლება.

ვინ იგულისხმება „სპეციალისტში“?
არსებობენ პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტები და აკადემიური განათლების მქონე სპეციალისტები. გერმანიაში საჭიროა გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების აღიარება. პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტებს უნდა ჰქონდეთ გავლილი კვალიფიციური პროფესიული განათლების კურსი, რომელიც გერმანული კანონმდებლობის თანახმად მინიმუმ ორი წელი უნდა გრძელდებოდეს. აკადემიური განათლების მქონე სპეციალისტებმა უნდა წარადგინონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. სპეციალისტებს შეუძლიათ მხოლოდ თავიანთი კვალიფიკაციის შესაბამის პროფესიაში დასაქმება.


რა წინაპირობებს უნდა ვასრულებდე, როგორც სპეციალისტი?
თქვენ, როგორც სპეციალისტს, შეგიძლიათ მიიღოთ სამუშაო ვიზა, თუ გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული თქვენი კვალიფიკაცია აღიარებულ იქნა*;


მიიღეთ კონკრეტული სამუშაოს შეთავაზება. ამ შემთხვევაში თქვენს მომავალ დამსაქმებელს სთხოვეთ, რომ შეავსოს ფორმა „განცხადება შრომითი ურთიერთობის შესახებ“ (Erklärung zum Beschäftigungsverhältnis**);
თქვენ მიიღეთ პროფესიის განხორციელების ნებართვა (ან დაგიდასტურეს, რომ ამ ნებართვას გასცემენ), თუ თქვენ გსურთ ე.წ. რეგლამენტირებულ პროფესიაში*** მუშაობა (მაგ. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში);


თქვენ ასრულებთ უცხოელთა შესახებ კანონის ზოგად წინაპირობებს, მაგ. მოქმედი პასპორტი, ცხოვრების ხარჯების უზრუნველყოფა და ა.შ.


განაცხადი ვიზის მიღებაზე მხოლოდ მაშინ უნდა გააკეთოთ, თუ ყველა წინაპირობას ასრულებთ და შეგიძლიათ საბუთების სრულყოფილად წარმოდგენა. თუ გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული თქვენი კვალიფიკაცია ჯერ არ არის აღიარებული, თქვენი სავიზო განაცხადი ვერ განიხილება.

თუ პროფესიული ან უმაღლესი განათლება გერმანიაში მიიღეთ, მაშინ აღიარება არ არის საჭირო. გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული კვალიფიკაციის აღიარებას სხვადასხვა უწყებები ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ აქ:

www.make-it-in-germany.com
www.Anerkennung-in-Deutschland.de
ცხელი ხაზი „მუშაობა და ცხოვრება გერმანიაში“: +49 30 1815 – 1111
უცხოური განათლების სფეროს ცენტრალური უწყება.
* თუ თქვენ გაქვთ უმაღლესი განათლების დიპლომი და არ გსურთ რეგლამენტირებულ პროფესიაში მუშაობა, მაშინ შესაძლებელია საკმარისი იყოს, რომ თქვენი უმაღლესი განათლების დიპლომი მოცემული იყოს Anabin-ის მონაცემთა ბაზაში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://anabin.kmk.org/anabin.html

** აღნიშნული ფორმის ჩამოტვირთა შეგეძლებათ აქ. შრომითი ურთიერთობა გერმანიაში უნდა იყოს სოციალური დაზღვევით უზრუნველყოფილი. მივლინებებისთვის მოქმედებს ცალკე რეგულაციები.

*** რეგლამენტირებულ პროფესიებთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე www.anerkennung-in-deutschland.de. უწყებები, რომლებიც გასცემენ პროფესიის განხორციელების ნებართვებს, ასევე იღებენ გადაწყვეტილებებს თქვენი კვალიფიკაციის აღიარების შესახებ.


მაქვს გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი. რა შესაძლებლობები მაქვს?
თუ თქვენ აკმაყოფილებთ სპეციალისტის წინაპირობებს, შეგიძლიათ მოითხოვოთ ევროკავშირის ლურჯი ბარათი, თუ

გაქვთ მინიმუმ ერთწლიანი კონკრეტული სამუშაო ადგილის შემოთავაზება,
სამუშაო ადგილი შეესაბამება თქვენს კვალიფიკაციას,
წლიური სრული ხელფასის სახით მიიღებთ მინიმუმ 55.200 ეროს.
ამ შემთხვევაში არ არის საჭირო გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს თანხმობა.

გარკვეული პროფესიებისთვის * (ექიმებისთვის, საინჟინრო სფეროს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებისთვის) საკმარისია წლიური სრული ხელფასი 43.056 ევროს ოდენობით, თუ გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტო გასცემს თანხმობას.

თუ თქვენ ვერ აკმაყოფილებთ ევროკავშირის ლურჯი ბარათის წინაპირობებს, შეგიძლიათ მიიღოთ ვიზა იმ საქმიანობის განხორციელებისთვის, რომლის კვალიფიკაციაც გაქვთ. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი კვალიფიკაციის საფუძველზე უნდა შეგეძლოთ კონკრეტული საქმიანობის განხორციელება. გამორიცხულია საქმიანობა დამხმარედ ან შეგირდად. დაგეგმილ საქმიანობასთან გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას ამოწმებს გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტო.

* ე.წ. „MINT-პროფესიების“ სია იხილეთ აქ: https://tiflis.diplo.de/blob/2293816/15fbe7481592f3ce6f78e4f7617ca19a/engpassberufe-liste-data.pdf


არ მაქვს უმაღლესი განათლების დიპლომი, მაგრამ გავლილი მაქვს პროფესიული განათლების სრული კურსი გერმანიის ფარგლებს გარეთ. რა შესაძლებლობები მაქვს?
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ვიზა იმ საქმიანობის განხორციელებისთვის, რომლის კვალიფიკაციაც გაქვთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ასევე შესაძლებელია დასაქმება მსგავს პროფესიებში. მაგრამ თქვენი კვალიფიკაციის საფუძველზე უნდა შეგეძლოთ ამ კონკრეტული საქმიანობის განხორციელება. გამორიცხულია საქმიანობა დამხმარედ ან შეგირდად. დაგეგმილ საქმიანობასთან გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას ამოწმებს გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტო.

უკვე ვარ 45 წლის ან უფროსი. შემიძლია თუ არა გერმანიაში სპეციალისტად გამგზავრება?
დიახ. თუ თქვენ ვერ მიიღებთ ევროკავშირის ლურჯ ბარათს და თქვენი სრული წლიური შემოსავალი არ იქნება 45.540 ევრო ან მეტი, მაშინ თქვენ დამატებით უნდა წარმოადგინოთ შესაბამისი საპენსიო უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბუთი. საპენსიო უზრუნველყოფის დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს თქვენი ან სხვა სახელმწიფოს პენსიის მიღების უფლება, კერძო საპენსიო ან სიცოცხლის დაზღვევა, უძრავი ქონება ან სხვა შესაბამისი ქონება.


მსურს გერმანიაში სამეცნიერო კვლევების განხორციელება? არსებობს თუ არა ამისათვის სპეციალური რეგულაციები?
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ვიზა მკვლევართათვის, თუ საჯარო ან კერძო სამეცნიერო დაწესებულებასთან დადებული გაქვთ შეთანხმება საქმიანობის განხორციელების შესახებ. თქვენი კვალიფიკაციის აღიარებისათვის განსაკუთრებული პროცედურა არ არის საჭირო. თუმცა უნდა გქონდეთ უმაღლესი განათლების დიპლომი, რომელიც გაძლევთ სადოქტორო პროგრამებში მონაწილეობის უფლებას. მკვლევართათვის ვიზის გაცემისთვის არ არის აუცილებელი შრომითი ხელშეკრულება. მაგალითად სტიპენდიატებსაც შეუძლიათ ვიზაზე განაცხადის შემოტანა. თუ თქვენ ასევე აკმაყოფილებთ ევროკავშირის ლურჯი ბარათის წინაპირობებს, შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი ამ ვიზასა და მკვლევართათვის განკუთვნილ ვიზას შორის. თუ თქვენ გერმანიაში მიემგზავრებით სადოქტორო პროგრამაზე სწავლისათვის და გსურთ გერმანიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩარიცხვა, თქვენ ითვლებით მკვლევარად იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტთან ან სხვა სამეცნიერო კვლევით დაწესებულებასთან გააფორმებთ შრომით ხელშეკრულებას. თუ თქვენ შრომითი ხელშეკრულების გარეშე იღებთ მონაწილეობას სრულ სასწავლო პროგრამაში, მაშინ უნდა მოითხოვოთ სასწავლო ვიზა.


მე მხოლოდ პრაქტიკული პროფესიული გამოცდილება მაქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სფეროში. არ შემიძლია გერმანიაში მუშაობა?
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებისას არ არის საჭირო სპეციალისტის კვალიფიკაციის დადასტურება იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ შემდეგ წინაპირობებს:

მსგავსი კვალიფიკაცია, რომელიც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მინიმუმ სამწლიანი პროფესიული გამოცდილებით შეიძინეთ;
წლიური სრული ხელფასი მინიმუმ 49.680 ევროს ოდენობით
გერმანული ენის ცოდნა B1-დონეზე, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება არ იყოს აუცილებელი (მაგალითად თუ დაადასტურებთ, რომ თქვენი კონკრეტული საქმიანობისთვის მხოლოდ ინგლისური ენის ცოდნაა საჭირო).


არსებობს თუ არა გერმანიაში სამუშაოდ გამგზავრების სხვა შესაძლებლობები?
მიუხედავად სპეციალისტის კვალიფიკაციისა შესაძლებელია ბინადრობის უფლების გაცემა იმ საქმიანობისთვის, რომელიც რეგულირდება დასაქმების განკარგულებით. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან მაგალითად ხელმძღვანელი პირები კომპანიებში, ხელოვანები, სპორტსმენები, პრაქტიკის გარკვეული პროგრამები, უცხოური კომპანიების თანამშრომლები. თქვენი კვალიფიკაციის აღიარების განსაკუთრებული პროცედურა, როგორც წესი, არ არის საჭირო. თუ თქვენ გსურთ რეგლამენტირებულ პროფესიაში მუშაობა, უნდა გაიცეს პროფესიის განხორციელების ნებართვა ან ამ ნებართვის გაცემის პირობა. გარდა ამისა, გარკვეული ქვეყნების მოქალაქეები* შეიძლება დაშვებულ იქნან ნებისმიერ საქმიანობაზე. უმეტეს შემთხვევაში საჭიროა გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს თანხმობა. ხელმძღვანელი პირების, სპეციალისტებისა და ინსტრუქტორების მივლინებების შემთხვევაში (კომპანიის შიდა ტრანსფერი) შეიძლება გაიცეს ICT-ბარათი.

* საქმე ეხება შემდეგ სახელმწიფოებს:
ანდორა, ავსტრალია, ისრაელი, იაპონია, კანადა, კორეის რესპუბლიკა, მონაკო, ახალი ზელანდია, სან მარინო, აშშ (დასაქმების განკარგულების მუხლი 26 პუნქტი 1).
2020 წლის ბოლომდე ასევე: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და სერბეთი (დასაქმების განკარგულების მუხლი 26 პუნქტი 2).


შემიძლია თუ არა ასევე წავიყვანო ოჯახი?
სპეციალისტის მეუღლეს და ასევე მის არასრულწლოვან შვილებს შეუძლიათ ვიზის მოთხოვნა ოჯახის წევრთან საცხოვრებლად გადასვლის მიზნით. სავიზო განაცხადის შეტანა მათ შეუძლიათ მაშინაც, როდესაც სპეციალისტი თავის ვიზაზე გააკეთებს განაცხადს. ვიზის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გერმანიაში უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი საცხოვრებელი ხარჯები და საკმარისი საცხოვრებელი ფართი მთელი ოჯახისთვის გერმანიის სახელმწიფოს დახმარების გარეშე. ძირითადად მეუღლისგან ველით გერმანული ენის შესწავლას გერმანიაში გამგზავრებამდე. ამიტომ სავიზო განაცხადის შემოტანისას მან უნდა წარმოადგინოს ყველაზე დაბალი A1-დონის სერტიფიკატი. არსებობს ამ წინაპირობის გამონაკლისები, მაგალითად თუ სპეციალისტი აკმაყოფილებს ევროკავშირის ლურჯი ბარათის წინაპირობებს. ოჯახის წევრებმა სავიზო განაცხადი შეიძლება მოგვიანებითაც შემოიტანონ. ამ შემთხვევაშიც უნდა წარმოადგინოთ სპეციალისტის გერმანიაში საქმიანობის, საკმარისი საცხოვრებელი ხარჯების, საკმარისი საცხოვრებელი ფართისა და გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთები. თუ შვილებს, რომლებსაც შეუსრულდათ 16 წელი, სურთ მოგვიანებით მშობლებთან საცხოვრებლად გადასვლა, მათაც უნდა წარმოადგინონ გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი.

მე ჯერ ვერ ვიპოვე დამსაქმებელი? მაინც შემიძლია გამგზავრება გერმანიაში?
თქვენ, როგორც სპეციალისტს, შეგიძლიათ მოითხოვოთ მაქსიმუმ ექვსთვიანი ვიზა იმ სამუშაო ადგილის მოძიების მიზნით, რომლის კვალიფიკაციაც გაგაჩნიათ, თუ თქვენი კვალიფიკაცია აღიარებულ იქნა*. თუ თქვენ გსურთ ე.წ. რეგლამენტირებულ პროფესიაში მუშაობას (მაგ. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში), უნდა წარმოადგინოთ თანხმობა პროფესიის განხორციელების ნებართვის გაცემაზე ან უკვე გაცემული ნებართვა. პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტებმა უნდა დაადასტურონ გერმანული ენის იმ დონეზე ცოდნა, რომელიც საჭიროა დაგეგმილი საქმიანობისთვის (როგორც წესი B1-დონე)**.

ამ ვიზით შესაძლებლობა გექნებათ გამოსაცდელი საქმიანობის განხორციელება კვირაში მაქსიმუმ 10 საათის განმავლობაში.

ასეთი ვიზიტის დორს არ არის გათვალისწინებული ოჯახის წაყვანა.

*თუ პროფესიული ან უმაღლესი განათლება გერმანიაში მიიღეთ, მაშინ აღიარება არ არის საჭირო. გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული კვალიფიკაციის აღიარებას სხვადასხვა უწყებები ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ აქ:

– www.make-it-in-germany.com

– www.Anerkennung-in-Deutschland.de

– ცხელი ხაზი „მუშაობა და ცხოვრება გერმანიაში“: +49 30 1815 – 1111

– უცხოური განათლების სფეროს ცენტრალური უწყება.

თუ თქვენ გაქვთ უმაღლესი განათლების დიპლომი და არ გსურთ რეგლამენტირებულ პროფესიაში მუშაობა, მაშინ შესაძლებელია საკმარისი იყოს, რომ თქვენი უმაღლესი განათლების დიპლომი მოცემული იყოს Anabin-ის მონაცემთა ბაზაში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://anabin.kmk.org/anabin.html

** რეგლამენტირებულ პროფესიებთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე www.anerkennung-in-deutschland.de. უწყებები, რომლებიც გასცემენ პროფესიის განხორციელების ნებართვებს, ასევე იღებენ გადაწყვეტილებებს თქვენი კვალიფიკაციის აღიარების შესახებ.


რა შეიძლება გავაკეთო, თუ გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული მაქვს პროფესიული განათლება, მაგრამ ის არ იქნა სრულად აღიარებული?
იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის ფარგლებს გარეთ თქვენ მიერ მიღებული პროფესიული განათლება სრულად არ აღიარეს და გამოვლინდა ნაკლი გერმანიაში არსებულ შესაბამის პროფესიულ განათლებასთან მიმართებაში, გაქვთ შესაძლებლობა, გერმანიაში მონაწილეობა მიიღოთ საკვალიფიკაციო ღონისძიებებში, რის შედეგადაც მოხდება თქვენ მიერ მიღებული განათლების აღიარება. ასეთი ღონისძიებებისთვის გერმანიაში ყოფნა შესაძლებელია 18 თვის განმავლობაში, მაქსიმუმ ორ წლამდე გაგრძელების პერსპექტივით. აღნიშნულის წინაპირობა როგორც წესი არის გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ A2-დონეზე. მიიღოთ საკვალიფიკაციო ღონისძიებებში მონაწილეობის პარალელურად შესაძლებელია მუშაობა გარკვეული შეზღუდვებით.

საშუამავლო შეთანხმებების ფარგლებში, რომლებიც გარკვეულ პროფესიებთან მიმართებაში გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოს აქვს ზოგიერთი ქვეყნის შრომის უწყებებთან, შესაძლებელი იქნება აღიარების პროცედურის გერმანიაში განხორციელება და პარალელურად დაგეგმილ სამუშაო ადგილზე მუშაობა.

შემიძლია თუ არა გერმანიაში პროფესიული განათლების მიღება?
დიახ, თქვენ შეგიძლიათ ასევე გერმანიაში გაემგზავროთ სასკოლო ან საწარმოო პროფესიული განათლების მისაღებად. ასევე შესაძლებელია პროფესიული განათლებისთვის მოსამზადებელი ენის კურსების გავლა. პროფესიული განათლების კურსებზე მონაწილეობისთვის საჭიროა მინიმუმ B1-დონეზე გერმანული ენის ცოდნის დადასტურება. ეს არ არის საჭირო, თუ ენის ცოდნის მიღება დაგეგმილია მოსამზადებელ კურსებზე ან ეს ცოდნა დადასტურებულია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.

სწავლის პარალელურად ნებადართულია მუშაობა კვირაში მაქსიმუმ ათი საათით.

თუ თქვენ ჯერ არ ხართ 25 წლის, შეგიძლიათ გერმანიაში გამგზავრება პროფესიული განათლების მიღებისთვის ადგილის მოძიების მიზნით; ამისათვის ასევე საჭიროა გერმანული ენის ცოდნა B2-დონეზე და გერმანიის ფარგლებს გარეთ არსებული გერმანული სკოლის დიპლომი ან სხვა სკოლების დიპლომი, რომელიც გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლის უფლებას იძლევა. ამ მიზნით გერმანიაში ყოფნა შესაძლებელია მაქსიმუმ ექვსი თვე.


რა უნდა გავითვალისწინო, თუ მსურს გერმანიის უნივერსიტეტში სწავლა?
გერმანიის უნივერსიტეტში სწავლა შესაძლებელია, ისევე როგორც სწავლისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები, მაგალითად ენის კურსი. სწავლის პარალელურად ნებადართულია მუშაობა 120 დღე სრულ განაკვეთზე და 240 დღე ნახევარ განაკვეთზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ გერმანიაში გამგზავრება სწავლისთვის მოსამზადებელი პრაქტიკის გავლის მიზნით. ამ შემთხვევაში დამატებით მუშაობა ნებადართულია მხოლოდ არდადეგების პერიოდში. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ცხრა თვემდე ვადით გაემგზავროთ გერმანიაში უნივერსიტეტში სასწავლო ადგილის მოძიების მიზნით. ამ პერიოდში მუშაობა არ არის ნებადართული.


რა არის დაჩქარებული პროცედურა სპეციალისტებისთვის?
თუ თქვენ უკვე მოიძიეთ დამსაქმებელი, შეგიძლიათ მისცეთ მას უფლება, თქვენთვის მოითხოვოს სპეციალისტთა დაჩქარებული პროცედურა* იმ ქალაქის (დასახლების) უცხოელთა მომსახურების სამსახურში, სადაც თქვენ მომავალში იმუშავებთ. უცხოელთა მომსახურების სამსახური გაუწევს კონსულტაციას თქვენს დამსაქმებელს და დაეხმარება მას თქვენი კვალიფიკაციის აღიარების განაცხადის გაკეთებაში. იგი მოითხოვს თანხმობას გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოსგან. აღიარებაზე პასუხისმგებელი უწყებები და გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტო ვალდებული არიან დადგენილ ვადებში მიიღონ გადაწყვეტილება. აღნიშნული პროცედურის საფასურია 411 ევრო. ამას ემატება კვალიფიკაციის აღიარების გადასახადი. თუ ყველა ის პირობა დამაკმაყოფილებელია, რომლის განხილვაც შესაძლებელი იყო გერმანიაში, მაშინ უცხოელთა მომსახურების სამსახური გასცემს ე.წ. წინასწარ თანხმობას, რომელსაც დამსაქმებელი თქვენ გადმოგიგზავნით. როგორც კი მიიღებთ აღნიშნულ თანხმობას, გერმანიის საელჩოში უნდა დაჯავშნოთ დღე სავიზო განაცხადის შეტანისთვის, რაც სამი კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს. განაცხადის შეტანისას უნდა წარადგინოთ წინასწარი თანხმობის დედანი სხვა საჭირო საბუთებთან** ერთად. როგორც წესი, საელჩო შემდგომი სამი კვირის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას თქვენს განაცხადთან დაკავშირებით. ვიზის გადასახადი შეადგენს 75 ევროს.

*დაჩქარებული პროცედურა შესაძლებელია:

პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტების შემთხვევაში,
აკადემიური განათლების მქონე სპეციალისტების შემთხვევაში,
მაღალი კვალიფიკაციის შემთხვევაში,
მკვლევარების/მეცნიერების შემთხვევაში,
ხელმძღვანელი პირების შემთხვევაში,
პროფესიული განათლების შემთხვევაში,
გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების ღონისძიებების შემთხვევაში.
** იმ საბუთების ჩამონათვალი, რომელიც განაცხადის შეტანისას უნდა წარადგინოთ, გამოქვეყნდება საელჩოს ვებ-გვერდზე.


შეუძლია თუ არა ასევე გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოს გასცეს წინასწარი თანხმობა?
დაჩქარებული პროცედურა განკუთვნილია მხოლოდ სპეციალისტებისთვის და მსგავსი შემთხვევებისთვის. თქვენს დამსაქმებელს შეუძლია ასევე გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოში მოითხოვოს წინასწარი თანხმობა. თუმცა ფედერალური სააგენტო ამოწმებს მხოლოდ იმ წინაპირობებს, რომლებიც უშუალოდ საქმიანობას ეხება და არა იმ წინაპირობების არსებობას, რომლებიც აუცილებელია ვიზის გაცემისათვის. ეს გზა ასევე არ გამოდგება, თუ თქვენ გსურთ დახმარება თქვენი კვალიფიკაციის აღიარებაში. მაგრამ ამ პროცედურას აზრი აქვს მაშინ, თუ მაგ. მივლინების ფარგლებში გსურთ დროებით გერმანიაში მუშაობა.


სად მოვიძიო დამატებითი ინფორმაცია?
ინფორმაცია და კონსულტაცია შეგიძლიათ მიიღოთ:

გერმანიის მთავრობის საინფორმაციო პორტალზე, რომელიც განკუთვნილია უცხოელი სპეციალისტებისათვის – Make it in Germany „www.make-it-in-germany.com“,
გერმანიის მთავრობის საინფორმაციო პორტალზე გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების შესახებ „www.anerkennung-in-deutschland.de“,
აღიარებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო ცხელ ხაზზე „მუშაობა და ცხოვრება გერმანიაში“ ონლაინ ან ტელეფონით +49 30 1815 – 1111,
პროფესიის აღიარების ცენტრალურ მომსახურების სააგენტოში (ZSBA) (01.03.2020-დან) და
გერმანიის ფარგლებს გარეთ არსებულ სხვადასხვა საკონსულტაციო ორგანიზაციებში (მაგ. კონსულტაცია აღიარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა საგარეო სავაჭრო პალატებში, ჩამონათვალი იხილეთ აქ www.anerkennung-in-deutschland.de).

წყარო: გერმანიის საელჩოს ვებსაიტი